English / ქართული / русский /
მადონა გელაშვილი
ცოდნის ეკონომიკა, როგორც ინოვაციური განვითარების ფაქტორი

ანოტაცია. XXI საუკუნე გამოცხადებულია ცოდნის საუკუნედ, ხოლო ცოდნა ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში უნდა აისახოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდნის ეკონომიკაში შემოსავლის ძირითად წყაროს ინოვაცია წარმოადგენს. ცოდნის ეკონომიკა საზოგადოების განვითარების ინოვაციური ეტაპის ძირითადი ნაწილია, რადგან მათ ფორმირებას განაპირობებს იდენტური ფაქტორები. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხომ სწორედ ცოდნა და ინოვაცია იყო საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის მამოძრავებელი ძალა.

საკვანძო სიტყვები: ცოდნა, ცოდნის ეკონომიკა, ინოვაცია, ადამიანური კაპიტალი, განათლება.

`ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავისთავადაც სიმდიდრე
არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ
და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადაუდგება.
ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო
დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად
სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.~
ილია ჭავჭავაძე

შესავალი

საზოგადოების განვითარებამ XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე წინ წამოსწია ახალი მიზნები და ამოცანები, რომელიც ეფუძნება ფუნდამენტურად ახალი ტიპის განვითარებას, რაც ხასიათდება ტექნოლოგიური სტრუქტურების ცვლილებებით, საზოგადოებრივი წარმოების სფეროში მკვეთრად გამოიკვეთა მომსახურების, მეცნიერების და განათლების დარგების უპირატესობა. შეიცვალა ინდივიდის როლი სოციუმში - ის ინოვაციური იდეების გენერატორი და ინიციატორი გახდა და ამით უზრუნველყოფს ცოდნის გარდაქმნას ძირითად ეკონომიკურ ფაქტორად. პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები, მხოლოდ მისი პერსონალური მახასიათებლები აღარ არის, ის გახდა ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე და ფაქტორი მისი განვითარებისათვის. თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება  ცნება - `ცოდნის ეკონომიკა~, რომელიც მოიხსენიება როგორც სამეცნიერო, ისე სოციალურ-პოლიტიკურ ლიტერატურაში. ეს განპირობებულია ტრანსფორმაციით, რომელიც მიმდინარეობს როგორც მთელ საზოგადოებაში, ასევე ეკონომიკაში, და რაც ასახვას პოვებს მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში. ეს პროცესები მთლიანობაში ყველაზე ნათლად  შეინიშნება, მაგალითად, შეერთებულ შტატებში. 

ცოდნის ეკონომიკა

რა არის ცოდნის ეკონომიკის არსი? ეკონომიკის ამგვარი განვითარების თეორია მიიჩნევს, რომ ეს არის ადამიანის ცოდნა და არა საქონელი ან წარმოება, რომელიც ეფუძნება განვითარებულ საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. კერძოდ, ცოდნა ხდება საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალა. ცოდნის ეკონომიკა - ეს განვითარების უმაღლესი დონეა, რომელიც არ ცვლის ტრადიციულ სისტემას, მაგრამ ხდება მისი მომდევნო ლოგიკური ეტაპი. ცოდნის ეკონომიკის განვითარებით, საზოგადოებაში სრულფასოვანი საქონელი არის თავად ცოდნა, ის წარმოების ერთ-ერთი ფაქტორია  და ის, თავისთავად, როგორც პროდუქტი, უნიკალურია.

ცოდნა ადამიანის აზროვნების შედეგია, რისი დახმარებითაც იგი აცნობიერებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ცოდნა იქმნება გარედან მიღებული ინფორმაციის წყალობით. თუმცა,  აზროვნების პროცესში, თავად ინფორმაციაც არის ცოდნის შენახვის ფორმა. ამდენად, ცოდნა პროდუქტია, რომელიც, ერთი მხრივ, კერძოა, შეიძლება მისი მითვისება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი, ყველას საკუთრება. მისი გაზომვა შეიძლება მის წარმოებაზე დახარჯული რესურსებითა და გაყიდული ცოდნის საბაზრო ღირებულებით. დანახარჯები მოიცავს კვლევასა და  შემუშავებას, უმაღლეს განათლებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს აღნიშნული ცნების ერთმნიშვნელოვანი, მკაფიო განმარტება. ამ საკითხებთან დაკავშირებით აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ასე მაგალითად, ლ. მ. გოჰბერგი  მიიჩნევს, რომ `ცოდნის ეკონომიკა - არის ეკონომიკა დაფუძნებული ცოდნის ეფექტურ და ინტენსიურ გამოყენებაზე~; გ. კლეინერი გვთავაზობს შემდეგ განმარტებას _ `ცოდნის ეკონომიკას ვუწოდებთ ეკონომიკის ისეთ მდგომარეობას, როდესაც: ა) ცოდნა ხდება სრულფასოვანი საქონელი; ბ) ნებისმიერი საქონელი  უნიკალური ცოდნის მატარებელია; გ) ცოდნა ხდება წარმოების ფაქტორი.~

ადამ სმიტის, მარქსისა და შუმპეტერის გარდა, რომელთაც საქმე ჰქონდათ ცოდნასთან, მის შექმნასა და განაწილებასთან, მის გამოყენებასა და დანიშნულებასთან – ცოდნის ეკონომიკის თანამედროვე პიონერებად შეიძლება ჩავთვალოთ: საიმონი, ჰაიეკი, აროუ, მაჰლუპი. საიმონმა (1982) ცოდნის ეკონომიკასთან დაკავშირებული მრავალი საგანი შეისწავლა, მაგალითად, სწავლის პროცესში დამახსოვრების როლი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკის ჭეშმარიტ წინამორბედად. ჰაიეკმა (1945) გამოიკვლია ცოდნის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები და ცენტრალურ საგეგმო სააგენტოსთვის ცოდნის ტრანსფერის შეუძლებლობა. იმავე წელს გამოცემულ სტატიებში აროუმ განავითარა ცოდნის ეკონომიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კვლევის ორ ძირითად მიმართულებას: ცოდნის, როგორც საზოგადოებრივი საქონლის შესაქმნელად რესურსების განაწილების საკითხს და  ენდოგენურ ტექნიკურ ცვლილებას. მაჰლუპის ნაშრომი ძალზე ფართოა და მოიცავს: ცოდნის ეკონომიკის უაღრესად ფართო გაგებას – ინფორმაციის ეკონომიკას და გადაწყვეტილების მიღების თეორიულ პრობლემებს. განსაზღვრა რა ინფორმაცია “ცოდნის კონკრეტულ ფორმად” მაჰლუპმა (1984) ბუნებრივად გააფართოვა ცოდნის ეკონომიკა და მოიცვა არა მხოლოდ საინფორმაციო სექტორებისა და მრეწველობის ანალიზი, ახალი ცოდნის წარმოების შესწავლა, უნარების შეძენისა და გადაცემის მექანიზმები, არამედ არჩევანისა და მოლოდინების ეკონომიკური თეორიაც ბუნდოვან სიტუაციასა და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში. ამ თვალსაზრისით მაჰლუპისა და ჰაიეკის მიდგომები მსგავსია: ისინი ტერმინებს `ცოდნა~ და `ინფორმაცია~ _ შემცვლელებად იყენებენ, განსაკუთრებით, ფასების სისტემის, როგორც ინფორმაციის კომუნიკაციის მექანიზმის როლის შესწავლისას. რიჩარდსონის აზრით, პრობლემა უტოლდება ტექნოლოგიური ინფორმაციის არსებობას ბაზარზე აქტივობების კოორდინაციის სრულყოფისთვის. ეს ავტორები ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკის ძირითად საკითხად მიიჩნევენ, ხოლო ცოდნისა და ინფორმაციის არსებობა-არარსებობას იმ ფაქტორებად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პირობებს. ცოდნასა და ინფორმაციას შორის რეალური განსხვავება არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნის ეკონომიკის საზღვრები ძალზე ფართოა  [Федотова В.Г., 2010:11].

აღნიშნული ტერმინის პოპულარობაში დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა  პიტერ ფერდინანდ დრუკერმა (1909–2005), რომელიც გავლენიანი კონსულტანტი იყო და `მენეჯმენტის მამად~ მოიხსენიებდნენ. მან საკუთარი კვლევებით იწინასწარმეტყველა მე-20 საუკუნის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის `ინფორმაციული საზოგადოების აუცილებელი მოთხოვნა უწყვეტი განათლების მიმართ~. პირველად  ტერმინი - ცოდნის ეკონომიკა გვხვდება 1966 წელს გამოცემულ წიგნში `The Effective Executive~, სადაც დრუკერი აღწერს განსხვავებას ხელით მომუშავეთა (manual worker) და ცოდნით მომუშავეთა (knowledge worker) შორის. პირველი მათგანი საკუთარი ხელებით აწარმოებს საქონელსა და მომსახურებას, ხოლო მეორე – საკუთარი თავით მუშაობს და ქმნის იდეებს, ცოდნასა და ინფორმაციას.

ცოდნის ეკონომიკის ზემოხსენებულ ორ მნიშვნელობას შორის არსებითი სხვაობა ის არის, რომ ცოდნის ეკონომიკაში ცოდნა პროდუქტია, ხოლო ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში – ინსტრუმენტი (იარაღი). თუმცა, ეს განსხვავება ჯერ კიდევ ორაზროვანია ეკონომიკურ ლიტერატურაში. ორივე მნიშვნელობა ინტერდისციპლინარულია, მათში ჩართულნი არიან ეკონომისტები, კომპიუტერული მეცნიერების წარმომადგენლები, ინჟინრები, მათემატიკოსები, ფსიქოლოგები და ა.შ.

ინფორმაციული ტექნოლოგიის სწრაფმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ცოდნის ზრდა, ხელი შეუწყო მის ხელმისაწვდომობას, გააფართოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ცოდნის გავრცელებისა და გამოყენების შესაძლებლობები. ამიტომაც საზოგადოების ინფორმირებამ გამოიწვია ცოდნისეკონომიკის გაგება, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის წარმოებასა და მართვაზე და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაგება, რომელიც გულისხმობს ცოდნის ტექნოლოგიების გამოყენებას ეკონომიკური სარგებლისა და ზრდის უზრუნველსაყოფად.

ცოდნის ეკონომიკისს ძირითადი მახასიათებლებია:

  • მომსახურების მაღალი წილი ეკონომიკის სტრუქტურაში. მაგალითად, აშშ-ში ამ სფეროში დასაქმებულია 75% -ზე მეტი;
  • განათლებისა და კვლევის გაზრდილი ხარჯები. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში განათლებისა და მეცნიერების ხარჯების თანაფარდობა მთლიანი შიდა პროდუქტის 6.5%-ია (ოთხმოცდაათიან წლებში - 5.4%). საქართველოში ეს მაჩვენებელი გასულ წელს 0,43%-ს შეადგენდა;
  • პროგრესი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში;
  • ქსელური ურთიერთობების განვითარება კორპორაციული და პირადი ქსელების სახით;
  • ეროვნული საინოვაციო სისტემის ჩამოყალიბება, მათ შორის ფუნდამენტური მეცნიერების ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები, საწარმოს ფონდები და სხვა;
  • განათლების განვითარება, როდესაც საშუალო განათლება გახდა უნივერსალური და უმაღლესი განათლება მასიური, რომელიც მოიცავს შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 60% -ს, როდესაც ხორციელდება გრძელვადიანი განათლების კონცეფცია;
  • სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია. 

ცოდნის ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური განვითარების მთავარი წყარო

ცოდნის ეკონომიკა დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ტრანსფორმაციის საბოლოო სტადიას. ტრადიციული მეურნეობა ანუ ინდუსტრიამდელი ეპოქა წინ უსწრებდა ინდუსტრიულ წარმოებას, რომელიც თავის მხრივ შეცვალა პოსტინდუსტრიულმა პერიოდმა და დღეს ხდება რესურსტევადი ტექნოლოგიების ჩანაცვლება სამეცნიერო ტექნოლოგიებით, როგორც მიკრო-, ასევე მაკროდონეზე.

ცოდნის ეკონომიკა მზარდ ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს ეკონომიკურ წარმატებაზე. თუ ადრეულ ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფოთა კეთილდღეობას წარმოების ექსტენსიური ტიპი განსაზღვრავდა, უკვე გვიანი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ეკონომიკური წარმატების საწინდარი გახდა შრომის წარმოების გაიაფება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე. აქედან გამომდინარე,  ადამიანი,  როგორც ცოდნის ქარხანა, იქცა ახალი ტექნოლოგიების, ნოვატორული იდეების გენერატორად და სულის ჩამდგმელად. თუ დავესესხებით ნეოკლასიკურ თეორიას, ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს კაპიტალის დაგროვებისა და სამუშაო ძალის ზრდის შედეგს წარმოების ხარჯების შემამცირებელი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვასთან ერთად. ცოდნის ეკონომიკის გათვალისწინებით კი ეკონომიკური ზრდა დამოკიდებული გახდა ადამიანურ ფაქტორზე, რომელიც საწარმოო პროცესებში მონაწილეობს მუდმივად განახლებადი ცოდნის კაპიტალის სახით. ცოდნის ეკონომიკის კონცეპტუალურ საფუძველს პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში წარმოადგენს ცოდნა და ადამიანური კაპიტალი, რომელთა ფუნქციონირების თავისებურებები დაფუძნებულია ძირითადად ორ ფუნდამენტურ საფუძველზე: 1. ცოდნა წარმოადგენს უმთავრეს  წარმოების ფაქტორს და გააჩნია ღირებულება; 2. ცოდნა და ადამიანური კაპიტალი საწარმოო კაპიტალია. რაც მეტია და ახალი დაგროვილი ცოდნა და რაც უფრო შეესაბამება იგი ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, მით უფრო მაღალია კაპიტალში შეფასებული ადამიანური ცოდნის მაჩვენებელი [გელაშვილი მ., 2017:56].

ახალი ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის გენერირება ფაქტობრივად წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას. ცხადია, ცოდნა და ადამიანური კაპიტალი ურთიერთდამოკიდებული კატეგორიებია: შექმნას ახალი ცოდნა და ეფექტიანად გამოიყენოს ეს ცოდნა - რეალობაში შეუძლია მხოლოდ მაღალკვალიფიციურ და განათლებულ სპეციალისტებს.  აქედან გამომდინარე ადამიანური კაპიტალს ინოვაციურ ეკონომიკაში ენიჭება უმთავრესი ადგილი წარმოების ფაქტორთა შორის, რომლებიც  ზემოქმედებენ ეკონომიკურ ზრდაზე, რადგანაც ადამიანური კაპიტალის განვითარების მაღალი დონე განსაზღვრავს  კრეატიულობის მაღალ დონესაც, რაც თავის მხრივ აუცილებელია ახალი ცოდნის (ინოვაციის) შესაქმნელად. საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში უკვე კარგა ხანია დაიწყეს ეკონომიკურ ზრდასა და განათლებას შორის დამოკიდებულების შესწავლა. ართურ მედისონის ("კაპიტალისტური განვითარების დინამიური ძალების" ავტორი) მიერ დადგენილია, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიციების 1%-ით ზრდა იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.35%-ით ზრდას, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მის მიერ შეგროვილი ფაქტების ანალიზზე ასკვნის, რომ სწავლების საშუალო სტატისტიკური ხანგრძლივობის ზრდა ერთი წლით, იწვევს შესაბამისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 3-6%-ით [Gelashvili M., 2016:79].

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში უმაღლესი განათლება აქვს შრომისუნარიანი მოსახლეობის 32%-ს. თუმცა მეტი წილი ე.წ. დიპლომიანი ადამიანებისა  მოდის განვითარებულ ქვეყნებზე. განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ ასევე მთლიან შიდა პროდუქტში განათლების პროცენტული მაჩვენებლითა (საშუალოდ 5,75%) და უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯის მიხედვითაც (საშუალოდ 10655 დოლარი ერთ სტუდენტზე ერთი წლის განმავლობაში) [Gelashvili M., 2016:79].

მოყვანილი ფაქტები ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რაც მეტია განათლებული ხალხის წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, მით მაღალია ეკონომიკის დონე ამ ქვეყნებში. იმ მაგალითების რაოდენობა, რომელიც ასაბუთებს პირდაპირ კავშირს ტექნოლოგიურ ინოვაციებს (რომელიც მიღებულ იქნა სამეცნიერო კვლევებით) და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ეფექტიანობას შორის (რომელიც მოცემული კვლევების გამოყენების საფუძველზე იქნა მიღებული), კიდევ უფრო ამყარესებს იმ დებულებას, რომ მეცნიერება ინტეგრირებს ეკონომიკასთან და სამეცნიერო ცოდნა გენერირებს დამატებით ღირებულებას უფრო დიდი დოზით ვიდრე სხვა წარმოების ფაქტორები. სამეცნიერო ცოდნა, რომელიც მიიღება კვლევევბისა და ანალიზის საფუძველზე გამოიყენება როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური პროდუქტების შესაქმნელად. ამდენად, განათლება და სამეცნიერო ცოდნა ქმნის დამატებით ღირებულებას და  ამით ზრდის პროდუქტიულ აქტივებს. ეკონომიკის ნებისმიერი სუბიექტის კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის ინოვაციურ აქტივობაში, ანუ შესაძლებლობაში, განახორციელოს ახალი ცოდნის გენერირება ან ცოდნის გამოყენება ახალი მეთოდებით [Gelashvili M., 2013:14].

თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ცოდნა მუდმივად განახლებადია და გენერირდება რა ახალ პროდუქტსა და მომსახურებაში, ის იწვევს ინოვაციას. ინოვაცია კი არის ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების გამოყენება ახალი პროდუქტების, პროცესებისა და სერვისების შესაქმნელად. იგი მოიცავს ინოვაციების შექმნის არა მარტო კომერციულ მიზნებს, არამედ საზოგადოების კეთილდღეობასაც. არსებობს ინოვაციის სხვადასხვა კლასიფიკაცია.

განასხვავებენ ინოვაციების შემდეგ სახეობებს:

  • Ø პროდუქტის ინოვაცია (მომსახურება) - სამომხმარებლო პრობლემის მოსაგვარებლად ახალი გზების დანერგვა;
  • Ø პროცესის ინოვაცია - ახალი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შემცირებულ ხარჯებს, წარმოების შემცირებას;
  • Ø ინოვაციური სტრატეგია - ახალი მენეჯმენტის მეთოდები.

სხვადასხვა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, საქართველო, სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ინოვაციების სხვადასხვა ინდექსის მიხედვით. ასე მაგალითად, 148 ქვეყნიდან შემდეგი ადგილები უკავია საქართველოს: ინოვაციების ათვისება-დანერგვის წარმადობით - 118-ე; ქვეყნის კომპანიების მიერ კვლევებსა და განვითარებისათვის დახარჯული სახსრებით - 128-ე; უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით მე-100; საწარმოების მიერ ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების აბსორბციის (ათვისების) უნარის მიხედვით - 117-ე.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება მოითხოვს მეცნიერების რეფორმირებას, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში არათანმიმდევრულად მიმდინარეობს. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის მოზიდვით მეცნიერებში, რაც შესაძლებელია მეცნიერების პრესტიჟულ და პერსპექტიულ მიმართულებად წარმოჩინებით. 

დასკვნა

ჩვენი აზრით,  საქართველოს დღეისათვის გააჩნია მეცნიერული კვლევების შესაძლებლობის საკმაო პოტენციალი, სამეცნიერო სკოლა, ფართო საუნივერსიტეტო ქსელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვაქვს ინოვაციური აქტივობის საკმაოდ დაბალი დონე. ინვესტიციებს განთლებასა და სამეცნიერო კვლევებს და მშპ-ს ზრდას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მთავარ ამოცანას უახლოესი პერსპექტივისათვის წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობის განვითარების აქტივიზაცია. სწორედ ფირმის შესაძლებლობები, აწარმოოს და რეალიზება განახორციელოს იმ პროდუქციისა, რომელიც ინოვაციური ცოდნის შედეგადაა შექმნილი, წარმოადგენს ინოვაციური ეკონომიკის განმსაზღვრელ ფაქტორს.

ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ინოვაციების განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად.

შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს შედეგებმა სწორედ იმ მიმართულებებით იკლო, რაც წინა წლებშიც ქვეყნის სისუსტეს წარმოადგენდა.  კერძოდ, 100 ქულიდან 20-30 ქულებს შორის მერყეობს საქართველოს მაჩვენებლები ადამიანური კაპიტალისა და განათლების, ბიზნესის განვითარების მდგომარების, ცოდნისა და ტექნოლოგიური წარმოების კრიტერიუმებში. მართალია, ქვეყანას კარგი მაჩვენებლები ჰქონდა ინსტიტუციური მოწყობისა და მარეგულირებელი პოლიტიკის თვალსაზრისით, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კერძო სექტორის განვითარების დონე და სამეცნიერო ბაზისი მაინც ჩამორჩება განვითარების გლობალურ ტენდენციებს.

პროგრესის მისაღწევად საჭიროა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას განათლებისა და კვლევის განსავითარებლად. ასევე, სასურველია, კერძო ბიზნესის მეტი აქტიურობა ამ პროცესში, რაც ბიზნესკონკურენციის ხელშეწყობითა და ინოვაციების დასანერგად წამახალისებელი ღონისძიებების გატარებითაა შესაძლებელი. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Gelashvili M., 2017. Innovative Human Capital and its development characteristics, SSU IV international-practical conference, collections. Tbilisi `Homeland~.

2. Gelashvili M., 2013. State Regulation of  Investment Activities in Georgia. Nova Science  Publishers. Georgian International Journal of Science and Technology. ISSN: 1939-5825 https://www.novapublishers.com/catalog/index.php?cPath=125; USA  v. 5-9.  

3. Gelashvili M., 2016. Competition and problems of monopolistic markets. “Global world” scientific anthology, volume 2 (II).

4. Хайек Ф. , 2001. Экономическая теория и знание [Текст] / Ф. Хайек // Индивидуализм и экономический порядок. - М., С. 51-71.

6. Федотова В.Г., 2010. Социальные инновации как основа процесса модернизации [Текст] // Вопросы философии.  № 10. - С. 1-15.

7. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2015. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულება. საქართველო.

8. საქართველოს ეროვნული ანგარიშები. სტატისტიკური კრებული. 2015-2017.

9. Global Innovative Index 2016 Report. Available from:www.globalinnovationindex.org.

10. Research and Development Expenditure 2014.Available from: www.uis.unesco.org.